Home

მოთხოვნები თბილისის მერიისადმი:

1. გაუქმდეს პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა/ზონალური შეთანხმება;

2. მერიამ დამკვეთს დაუბრუნოს მშენებლობის ნებართვის საქმისწარმოებისთვის გადახდილი მოსაკრებელი;

3. მერიამ მიწის მესაკუთრეს შესთავაზოს სხვა, მისთვის მისაღებ ადგილზე, იგივე ღირებულების მიწის ნაკვეთი, სადაც დასაშვები იქნება სასტუმროს მშენებლობა;

4. მერიამ საკუთარი ხარჯით ამოავსოს სამშენებლო ქვაბული და გაამწვანოს ტერიტორია

მოთხოვნა მიწის ნაკვეთის მესაკუთრისადმი:

1. მიწის მესაკუთრე დათანხმდეს ადგილმონაცვლეობას

ვაკის პარკი / iReporter.ge

ვაკის პარკი / iReporter.ge

დავიცვათ ვაკის პარკი არასათანადო განვითარებისგან

სიმონ ჯანაშია (http://liberali.ge/ge/liberali/articles/117407/)

ვაკის პარკს კორპორატიული ინტერესებისგან მოქალაქეების თავისუფლების და დემოკრატიული პროცესის განვითარების სასარგებლოდ დაცვა სჭირდება. მიმაჩნია, რომ თბილისის მერიამ არ უნდა გასცეს უფლება ვაკის პარკში ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ვაკის პარკის ფუნქციებს შეზღუდავს.

გარდა ეკოლოგიური მნიშვნელობისა და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებისა, ნებისმიერი საჯარო პარკი ან სკვერი წარმოადგენს საზოგადოების საერთო საკუთრებას, რომელიც თავად საზოგადოების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ძალაუფლების მქონე ჯგუფების ან პიროვნებების მიერ ინდივიდისა და საზოგადოების თავისუფლებისთვის საჭირო რესურსების შეზღუდვა ხშირი მოვლენაა. ამის ნათელი მაგალითია თბილისში ყველასათვის ხელმისაწვდომი სივრცეების შემცირების პროცესი, რომელიც თავისი შინაარსით, ფორმითა და შედეგით არადემოკრატიულია.

ამგვარ სივრცეებს მხოლოდ პარკები არ წარმოადგენს. ასეთია ზოგადად ყველა ის ადგილი თუ დაწესებულება, რომლებიც ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღმსარებლობის, პოლიტიკური კუთვნილების, სოციალური წარმომავლობისა თუ ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად. ასეთებია საჯარო პარკები, სკვერები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტული მოედნები და ბიბლიოთეკები.

ბიბლიოთეკების ნაწილი დაიხურა და მათი ტერიტორიები გასხვისდა. სკოლების და საბავშვო ბაღების ტერიტორიების ნაწილი კომერციულმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა მიისაკუთრეს. ფუნქცია შეიცვალა საჯარო პარკების ნაწილმაც. ქუჩების, ეზოების ან ტროტუარების ნაწილი კერძო პირებს ან კომერციულ ორგანიზაციებს მანქანების სადგომების მოსაწყობად გადაეცათ.

საჯაროდ ხელმისაწვდომი სივრცეების შემცირება სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობდა. ზოგჯერ დაინტერესებული პირები ან ჯგუფები თვითნებურად იკავებდნენ ტერიტორიებს. შემდეგ კი  სხვადასხვა არგუმენტაციით ამ ვითარების ლეგალიზება ხდებოდა. ასე დაეპატრონა ეკლესია ბევრ სკვერსა თუ პარკში, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების მიწებს, რომლებზეც შემდეგ თავისი ტაძრები და სხვა დამხმარე სათავსოები აშენდა.

ასე დაეპატრონნენ კერძო პირებიც საცხოვრებელი კორპუსების წინ არსებულ ტერიტორიებს, სადაც ზოგმა მაღაზია გახსნა, ზოგმა კი მანქანის სადგომი აიშენა.

ზოგჯერ ცვლილებების თანმიმდევრობა საპირისპირო იყო. ამ შემთხვევაში ჯერ კანონის შემოღება ხდებოდა, რასაც გასხვისება მოყვებოდა. გასხვისების არგუმენტად ეკონომიკური სარგებელი (დასაქმება, ბიუჯეტის შემოსავლები) და ეკონომიკის შესახებ წარმოდგენები (სახელმწიფო უუნაროა კერძო სექტორთან შედარებით) სახელდებოდა. ზოგჯერ საზოგადო სიკეთის კერძო ხელში გადაცემა ოფიციალურად, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი დამსახურებებისთვისაც ხდებოდა. ასე შენდებოდა სამეცნიერო ინსტიტუტების ეზოებში ამავე ინსტუტების დირექტორების კერძო სახლები, ან ინსტიტუტის სასტუმროების ნაწილი გადაეცემოდა უკვე გარდაცვლილი დირექტორების ოჯახებს. სახელმწიფო სარგებლობაში არსებული აგარაკები ზოგჯერ პოლიტიკოსების კუთვნილება ხდებოდა იმ დრომდე, სანამ ისინი მმართველი პარტიის ერთგულებას ინარჩუნებდნენ.

იშვიათ შემთხვევებში სივრცის გადანაწილება საპირისპირო, საზოგადო სარგებლის მიმართულებითაც ხდებოდა. ეს არსებული კერძო საკუთრების ჩამორთმევის ან ნაკლებად გამოყენებული საჯარო სივრცეების გაუმჯობესების ხარჯზე კეთდებოდა. აქ მთავარი მოქმედი პირი სახელმწიფო იყო, რომელიც ხშირად მართლმსაჯულების სათანადო პროცესის გარეშე მოქმედებდა. მაგალითად რამდენიმე წლის წინ რესტორნების მეპატრონეებს რიყეზე ტერიტორია ჩამოერთვათ და იქ პარკი გაშენდა. იყო შემთხვევები, როცა კერძო პირებს გარაჟები ჩამოერთვათ და იქ ყველასთვის ხელმისაწვდომი სპორტული მოედნები გაიხსნა.

სივრცეების გასხვისების თუ შემოერთების პროცესი უმეტეს შემთხვევაში არადემოკრატიულად და გაუმჭვირვალედ მიდიოდა. მაგალითად რთული მოსაძებნია ის არგუმენტები, რომელიც თავის დროზე სახელმწიფომ ვაკეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის, ან მეცნიერებათა აკადემიის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის გასასხვისებლად გამოიყენა. არც ის ვიცით თუ რატომ გაყიდა სახელმწიფომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, ან ვაკის პარკში არსებული ფართობები და რესტორნები. არ ვიცით, რატომ გაასხვისეს მთაწმინდის პარკი ან იპოდრომი. ეს ყველაფერი არ ვიცით იმიტომ, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება უმეტესად საჯარო განხილვების ხდება.

უნდობლობას იწვევს საჯარო სივრცეების რეგულირების ფორმებიც. მაგალითად, აქედან ზოგიერთის ინტერესი სამუდამოდ განიდევნებოდა, ზოგის კი – დროებით, არჩევნებამდე. მაგალითად ბუკინისტების ქუჩებიდან განდევნა უფრო მეტი რუდუნებით ხდებოდა, ვიდრე სურსათისა და საყოფაცხოვრებო გამყიდველების. ტროტუარებიდან გაქრა ჯიხურები, მაგრამ დაკანონდა მანქანების სადგომები.

საჯარო სივრცეების შემცირება ეკოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემაა. პარკების და სკვერების გასხვისებისას ხშირად იჭრება ნარგავები და თბილისისში მწვანე საფარის რაოდენობა მუდმივად მცირდება. სულ უფრო მცირე რაოდენობის სივრცე რჩება, სადაც შეძლებული ადამიანები უსასყიდლოდ სარგებლობენ საზოგადო საკუთრებაში არსებული სიკეთეებით.

სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება, სადაც ადამიანებს თავისუფლად, სახელმწიფოს, კერძო და რელიგიური ჯგუფების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე შეკრება შეუძლიათ.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილის პროტესტი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის მიმართ სამართლიანია. ეს მშენებლობა არა მხოლოდ აზიანებს ნარგავებს, არამედ ფუნქციას უცვლის პარკს, როგორც საჯარო სივრცეს.

კერძო სარგებელი, როგორიც არის კერძო პირების დასაქმება, კერძო ინვესტორისთვის სასურველი პირობების შექმნა, არ არის საკმარისი არგუმენტი საზოგადო სიკეთის შეზღუდვისთვის. კაპიტალის დაბანდებისთვის საზოგადოება არ არის ვალდებული მსხვერპლი გაიღოს. ნორმალურ ვითარებაში კაპიტალი თავის გზას მაინც იპოვნის და სასტუმრო მაინც აშენდება, ოღონდ ამგვარი შეზღუდვების გარეშეც, თუნდაც პარკთან ახლოს, სწორედ სასტუმროსთვის შესაფერის ადგილას.

კერძო ფილანტროპების მიერ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში საჯარო სივრცეების განვითარებაზე ზრუნვა ჩვეულებრივი რამ არის. ბევრი, შესაძლოა, ვერც აცნობიერებს, რომ გასაბჭოებამდე დიდი ხნით ადრე თბილისში არსებული პარკების დიდი ნაწილიც სწორედ კერძო და სახელმწიფო ინიციატივების საერთო მუშაობის შედეგი იყო. ასე გაშენდა ბოტანიკური ბაღი, ალექსანდრეს ბაღი, მუშტაიდი. რომლებსაც უკვე რამდენიმე ასეული წლის ისტორია აქვთ, და რომელთა შემცირება ისევე მიმდინარეობს, როგორც ვაკის პარკის.

ვაკის პარკი დღეს შეიძლება არის კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია, მაგრამ კერძო მფლობელობა არ ნიშნავს ნებისმიერი ნაგებობის აშენების უფლებას. ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც აქ აშენდება თავად პარკის დანიშნულებიდან გამომდინარე უნდა იყოს ფუნქციურად დემოკრატიული და გარემოსთვის მინიმალურად საზიანო. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ელიტისთვის ხელმისაწვდომი სკოლა ან სასტუმრო, ან ხეების მოჭრის ხარჯზე აშენებული თუნდაც საბავშვო გასართობი ცენტრი. ასეთი ანომალიები უკვე საკმარისზე მეტად გვაქვს და მათ გამრავლებას გამართლება არ აქვს.

საჯარო სივრცეების, მათ შორის ვაკის პარკისთვის ფუნქციების შეცვლის შედეგი საზიანო იქნება, როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად ძალაუფლების მქონე ჯგუფებისთვის. იზღუდება მოქალაქეების თავისუფლებისთვის საჭირო სივრცე. პოლიტიკური, რელიგიური თუ კორპორატიული ელიტა კი ნელ-ნელა ხდება შეზღუდვის, მომხვეჭელობის, ანტისოციალური მოქმედებების სიმბოლო. შედეგად, დემოკრატიის ნაცვლად, რის მიხედვითაც ძალაუფლების წყაროა ხალხი, ვიღებთ ლეგიტიმურობის, ფინანსური და რელიგიური საფუძვლების მქონე ინსტუტუტებისა და ოლიგარქების მიერ მართულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც პოპულიზმი, მართლმსაჯულების სისტემის სისუსტე და სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა ორგანული საჭიროებას წარმოადგენს ამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s